
ნინა ონიანი
წერილი დედისგან ნინას ჩემო პატარავ, რამდენი ხანი გელოდი... და აი, ღმერთმა მაჩუქა შენი თავი. როცა გაიზრდები და ამ წერილს წაიკითხავ, მიხვდები, შენთან მოსასვლელად როგორი გრძელი და რთული გზა გავიარეთ მე და მამამ. ბევრი ექიმი, უამრავი წამალი და დაუსრულებელი მკურნალობა... ბოლო არ უჩანდა. ყოველი თვე ახალი იმედით იწყებოდა, თუმცა ახალი იმედგაცრუებით მთავრდებოდა. პასუხი ისევ უარყოფითი იყო. დედა ვერა და ვერ ვხდებოდი. მამა ნერვიულობდა, მაგრამ არ იმჩნევდა. ჩვენს გარშემო ყველა მოუთმენლად ელოდა შენს დაბადებას, მაგრამ ეს ბედნიერი წუთი არ დგებოდა. შენს მოლოდინში შვიდი წელი გავიდა. მხოლოდ ღმერთმა იცის, რამდენჯერ ჩუმად მიტირია და მისთვის მითხოვია, რომ ჩემთან გამოეგზავნე. შენ ღვთის საჩუქარი ხარ, რომელიც კეთილი და პროფესიონალი ადამიანების დახმარებით მოევლინე ქვეყანას. გაგვახარე ყველა და გაგვაბედნიერე მთელი ოჯახი. სამყარო შეცვალე და ურთულესი შვიდი წლის ტკივილი დაგვავიწყე. შენი დაბადებით დედიკოს და მამიკოს ახალი ცხოვრება დაიწყო. ჩვენი ცხოვრება ორად გაიყო – შენამდე და შენს შემდეგ. შენ ის ძვირფასი სიყვარულის ნაყოფი ხარ, რომელმაც ჩვენი ოჯახი გააძლიერა და თავი სუპერგმირებად გვაგრძნობინა. თითქოს არასოდეს ყოფილა დრო შენამდე – ყველაფრის ათვლა შენით დავიწყეთ. და აქვე ერთ საიდუმლოს გაგიმხელ: სულ მჯეროდა, რომ შენი დედიკო გავხდებოდი. იმედი არასოდეს დამიკარგავს და ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებდი. გამიმართლა. მადლობა სამყაროს შემოქმედს! შენ ხარ ჩემი ცხოვრების უძვირფასესი მონაპოვარი. უპირობოდ მიყვარხარ და მუდამ მეყვარები. შენი დედიკო.








