საჭიროა 5000 ლარი (მხოლოდ კვლევებისთვის)
შემოსულია 6789,18 ლარი
თანხა დათვლილია 15.07.2026
ვახო მელაძე
.
.გწერთ, თუმცა იმედი მაქვს და არც მაქვს ჩემს პრობლემას გულთან ახლოს რომ მიიტანთ, და მაინც, მინდა გიამბოთ ჩემს შესახებ, ერთი ახალგაზრდა ბიჭის შესახებ რომელიც დღემდე ჯოჯოხეთს გადის.
ალბათ მეტყვით, შენზე უარეს დღეში მყოფებიც გვინახავსო, მაგრამ...
მაგრამ, ის, რომ დაბადებიდან უიღბლობა დამებედა.
მძიმე წონის დავბადებულვარ, ექიმის დაუდევრობით ჯერ კიდევ თოთოს ფეხის ნერვი დამიზიანეს, ამის შესახებ დედაჩემს არავინ უთხრა , ხოლო როცა გავიარე და დამეტყო უსახსრობის გამო დროებით გადადეს ჩემი მკურნალობა.
დრო გადიოდა და უფრო და უფრო მირთულდებოდა სიარული.
შემდეგ როცა დედაჩემმა დაიწყო ფულის შეგროვება აღმოჩნდა, რომ თავად იყო ურთულეს მდგომარეობაში, დედიკოს კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, ერთი წელი ებრძოდა სიკვდილს, დაიღალა , პრობლემებისგან დახუნძლული სიკვდილს დანებდა. მაშინ ცხრა წლის ვიყავი. ვგრძნობდი, რომ ყველაზე საიმედო ადამიანი ხელიდან მეცლებოდა, ვხვდებოდი, რომ ძველებურად არაფერი იქნებოდა, უსიტყვოდ და უცრემლოდ კუთხეში ატუზული დედის სახეს თვალს არ ვაცილებდი, მეგონა, რომ აუცილებლად გადმომხედავდა და მის ერთადერთ შვილს არ მიმატოვებდა... მაგრამ მიმატოვა და მარადისობაში გადაინაცვლა, რაც მახსოვს ისაა, რომ როცა უკანასკნელად ვეამბორე მის თვალზე ცრემლი შევნიშნე. არ ვიცი დედის ცრემლიანი თვალები რატომ მახსოვს ასე მკაფიოდ.
დაბეჯითებით მხოლოდ ის ვიცი, რომ ცა მეხივით დამეცა თავზე და ყველაფერი ნაცრისფერი გახდა.
მამაჩემს მივეკედლე, ახლა ის იყო ჩემი იმედი, მაგრამ... მანაც არ გამიმართლა, ჯერ იყო და დალევა დაიწყო, ღვინოში ახშობდა მარტოობის გულის ხვაშიადს, კუთხეში მიყუჟული ვუყურებდი მამა როგორ ინადგურებდა თავს... შემდეგ მანაც მიმატოვა, ორივემ მიმატოვეს, დიახ, მიმატოვეს და მათთან ერთად დაიმარხა ყველა ჩემი იმედი თუ მომავლის პერსპექტივა.
პატარა ბიჭი გაურკვევლობაში აღმოვჩნდი, დავრჩი სოციალური და ინვალიდის პენსიის ამარა. თავდაპირველად თითქოს მყოფნიდა პურის ფულად, მაგრამ გავიზარდე და ხარჯიც გაიზარდა.
(მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის ვინც თუნდაც ერთხელ ხელი გამომიწოდა, ჩასაცმელი და დროებითი თავშესაფარი მომცა.)
გაურკვევლობაში აღმოვჩნდი, არ ვიცოდი რა გამეკეთებია ხულოს რაიონის მაღალმთიან სოფელში, ხანგრძლივი ზამთარი... მარტოხელა მგელივით მომიწია ბრძოლა არსებობისთვის.
ჯერ იყო და ჯართის შეგროვება ვცადე, მაგრამ მარტივად ვერც ჯართი ვიპოვე და ნაპოვნის ჩაბარებაც გამიჭირდა.
შემდეგ კარდონებით, ქვიშით და სხვა მასალებით პატარა ეკლესიების კეთება დავიწყე, მომწონდა ეს საქმე და დიდი სიყვარულით ვაკეთებდი სხვადასხვა ეკლესიებს, თუმცა მყიდველი არ გამოჩნდა, 20 მინი ეკლესია გავაკეთე და თითქმის ყველა გავაჩუქე.
ისევ ბედის საძიებლად წავედი.
დავამთავრე პროფესიული სასწავლებელი მალიარობის განხრით. ავიღე სერთიფიკატი, მაგრამ მუშაობა ვერ შევძელი, საღებავის და აცეტონის სუნზე ცუდად ვხდებოდი. ბოლო იმედად სარფის საბაჟოზე ტვირთების გადატანა აღმოჩნდა. თუ გამიმართლა და ვინმემ ტვირთი მომცა გადასატანად ხომ კარგი, თუ არა და ისევ მეორე დღის მოლოდინში ვარ.
ამას იმიტომ არ გწერთ რომ შეგეცოდოთ, უბრალოდ, მინდა გავიგო ექვემდებარება თუ არა ჩემი მდგომარეობა განკურნებას..
მე ვერასოდეს შევძლებ თავი მოვუყარო თანხას რომელიც გამოკვლევაში და საჭიროების შემთხვევაში ოპერაციისათვის დამჭირდება.
თქვენ რატომ გწერთ? ერთმა მეგობარმა მიამბო თქვენს შესახებ თუ როგორ დაეხმარეთ ახალგაზრდა ბიჭს სიმსივნის დამარცხებაში, ბოლომდე დაეხმარეთ და ერთი წუთით არ მიგიტოვებიათ. სწორედ ამან გამაბედინა მომეწერა, რათა გულთან მიგეტანათ ერთი ობოლი და ინვალიდი ბიჭის ისტორია.
და თუ თქვენამდე ვერ მოაღწია ამ წერილმა ან უფრო რთული პაციენტები გყავთ ამასაც გავიგებ და არც კი მეწყინება, რადგან უკვე შეგუებული ვარ ბედის უკუღმართობას.
მინდა წარმატება გისურვოთ და უფალმა დაგლოცოთ


